Pollster.ge

Language selector

საარჩევნო პროგნოზები მეორე ტურის წინ

ჩვენმა გუნდმა საარჩევნო პროგნოზები მეორე ტურის წინაც გამოაქვეყნა. არჩევნების ბაიესური მოდელის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე - გრიგოლ ვაშაძეს. სიმულირებული ხმების მედიანური მნიშვნელობა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის დაახლოებით 52%-ს შეადგენს, ხოლო ვაშაძისთვის იგივე მაჩვენებელი 48%-ია.

თუკი ალბათობებს შევაფასებთ, დაახლოებით 65%-ია იმის შანსი, რომ ზურაბიშვილმა ვაშაძეზე მეტი ხმა მოაგროვოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების კანდიდატის გამარჯვება უფრო მოსალოდნელია, ვიდრე - დამარცხება. თუმცა შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა პროგნოზის მიხედვით, ჰილარი კლინტონის წარმატების შანსები 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დაახლოებით 71%-ს შეადგენდა.

Image

დაახლოებით თანაბარი შანსები იკვეთება ჩვენი დეტერმინისტული მოდელის მეშვეობით. პირველი ტურისგან განსხვავებით, ჩვენ ოდნავ შევცვალეთ მიდგომა და წონების გამოთვლისას მხედველობაში მივიღეთ ჩამტარებელი ორგანიზაციის მიერ შედეგების გამოქვეყნების ხარისხი. კერძოდ, იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც შედეგებთან ერთად მონაცემთა ბაზებიც გამოაქვეყნეს, მაქსიმალური წონა მიენიჭათ, ხოლო იმ მაჩვენებლებს, რომელიც უბრალოდ პრესაში გაჟღერდა (მაგალითად, “გორბის” ხელმძღვანელთან ინტერვიუს დროს) - ყველაზე ნაკლები. შეწონილი საშუალოს მიხედვით გამოთვლილი მონაცემებით, ვაშაძე და ზურაბიშვილი ხმების თანაბარ პროპორციას აგროვებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგების პროგნოზირება ისეთივე წარმატებითაა შესაძლებელი, როგორც - მონეტის აგდებამდე ავერსის ან რევერსის მოსვლის გამოცნობა.

Image

ჩვენ ხვალ მთელი დღის განმავლობაში გვექნება ლაივბლოგი, ხოლო პროგნოზებს ეგზიტპოლების გამოსვლისთანავე განვაახლებთ.